ფეთვა და ბლოგერები: ცოდნის ეთიკის კრიზისი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
თანამედროვე მედიასივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც ისლამურ სამყაროსაც შეეხო, არის ფეთვისა და რელიგიური ცოდნის გაუფასურება. ციფრულმა კომუნიკაციამ რელიგიური დისკურსი ღია და ხელმისაწვდომი გახადა, თუმცა ამან პარალელურად წარმოშვა კრიზისი — კომპეტენციის, პასუხისმგებლობისა და ეთიკის კრიზისი. სოციალური მედიის ეპოქაში, სადაც იუთუბერები, ტიკტოკერები და ბლოგერები ღიად და ხშირად თამამად ახმოვანებენ შარიათულ საკითხებზე საკუთარ ინტერპრეტაციებს, ჩნდება კითხვა: ვინ მართავს საზოგადოებრივ რწმენას და რამდენად კომპეტენტურია მათი სიტყვა? ფეთვა — მივიწყებული ამანათი ფეთვაა სიტყვა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უკავშირდებოდა მხოლოდ ღრმად განსწავლულ მუფთს, დღეს ხშირად „ხუმრობითაც“ კი ისმის ტიკტოკის კლიპებში, ინსტაგრამის რულებში ან ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ბლოგპოსტებში. ფეთვის ტრადიცია ეფუძნება არა პირად ინტუიციას ან პოპულარულ მოსაზრებებს, არამედ ღრმა ცოდნას ყურანში, სუნნეთში, ფიქჰში და ფეთვის მეთოდოლოგიაში (უსულულ-ფიქჰი); კომპეტენციას მტკიცებულებების იერარქიის განხილვაში: ყურანი, სუნნეთი, იჯმა, ყიასი; დროისა და გარემოებების სწორად შეფასების უნარს; მორალურ პასუხისმგებლობას მუფთისა და მუსთეფთის მიმართ. ყურანში ვკითხულობთ: „ნუ გაჰყვები იმას, რისი ცოდნაც არ გაქვს!“ (სურა ისრა, 36) ბლოგერიზებული რელიგია — მორალური საფრთხე დღეს სოციალური ქსელების მეშვეობით ადამიანებმა მოიპოვეს უნიკალური შესაძლებლობა — აუდიტორიის ყურება და გავლენა. თუმცა ეს ძალა, როცა შარიათულ საკითხებზე კომპეტენციის გარეშე გამოიყენება, იწვევს: საზოგადოებრივ დაბნეულობას — ერთ თემაზე ათობით ურთიერთგამომრიცხავ პასუხს; სიღრმისეული საკითხების ზედაპირულად გადმოცემას — მაგალითად, ნიადაგის, ყიასის ან მაყასიდის თემებზე ტიკტოკის ვიდეოებით მსჯელობა; მუფთებისა და იმამების ავტორიტეტის დაკნინებას — ახალგაზრდობა ურჩევს: „GPT-ს ჰკითხე, უფრო მალე გიპასუხებს“; რწმენის კომერციალიზაციას — სარწმუნოება „ლაიქების“, „ჩანელების“ და რეკლამების თამაშად იქცა. ხელოვნური ინტელექტი — ფეთვის გენერატორი თუ ცოდნის თანაშემწე? ხელოვნური ინტელექტი (AI), მათ შორის ისეთი სისტემები, როგორიცაა ChatGPT, Google Gemini ან ღია კოდის ისლამური ბოტები, დღითიდღე პოპულარული ხდება და გამოიყენება ფეთვის შემცვლელ წყაროდ. თუმცა უნდა განვასხვაოთ: ინფორმაციის მიწოდება არ არის ფეთვა; გენერაცია არ არის შარიათული მსჯელობა; მონაცემებზე წვდომა არ არის ფიქჰური ცოდნა. AI არ ფლობს განზრახვას, თაყვას, ზრახვას და ღვთის წინაშე მორალურ პასუხისმგებლობას, რასაც მოითხოვს ფეთვის გაცემა. იგი მხოლოდ ალგორითმია, ხოლო ფეთვა — ამანათი. მუსლიმი და სწავლის გაფრთხილება იმამი შატიბი დასძენს: „ფეთვა არის ღვთის გზავნილის გაგრძელება — მისი გამცემიც იმავე ზნეობრივ სიმაღლეზე უნდა იდგეს.“ (მუვაფაყათი, 4/286) ჰადისში ვკითხულობთ: „ვინც გასცემს ფეთვას უმეცრებით, მან გაიმზადა ადგილი ჯოჯოხეთში.“ (ებუ დავუდი, 3657) რელიგია, რომელიც დადგენილია მთელი კაცობრიობისთვის და ძალაში რჩება ქვეყნიერების დასრულებამდე, ბუნებრივია, უნდა მოიცავდეს პასუხებს ყველა დროის გამოწვევებზე. ისლამი არ არის დროით ან სივრცით შეზღუდული რწმენა — ის არის ყოვლისმომცველი გზამკვლევი, რომელსაც ყველა ეპოქისთვის მოაქვს სიბრძნე, წონასწორობა და გამოსავალი. ამდენად, თანამედროვე მორალურ და სოციოლოგიურ კრიზისებზე პასუხი მისივე საფუძვლებში უნდა ვეძიოთ. ამ პრობლემების გადაწყვეტის გზაც თვით ისლამშია — და ეს გზა იწყება პასუხისმგებლობით, ღირებულებებზე აღზრდილი თაობის ჩამოყალიბებით; თაობის, რომელიც ფლობს რწმენას და გონიერებას, ზნეობასა და კრიტიკულ აზროვნებას; თაობის, რომელიც შეითვისებს ღვთის სიტყვას, იცხოვრებს სუნნეთის შუქზე და იქნება მზად, დაიცვას ჭეშმარიტება ცრუ იდეოლოგებთან დაპირისპირებისას. სწორედ ამგვარი თაობის აღზრდაა ისლამური უმმეთის გადარჩენისა და პროგრესის რეალური გზა. შესაბამისად, ამ პრობლემის გამოსავალი პასუხისმგებლიანი თაობის აღზრდაა. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება განსხვავება ფიქჰურ აზრსა და ფეთვას შორის. რწმენა არ უნდა განისაზღვროს ვიდეოს ხანგრძლივობით, არამედ შარიათული საფუძვლით. სწავლულთა გაძლიერება იმამების, მუფთებისა და შარიათის სპეციალისტების მხარდაჭერა. სწავლულთა საბჭოების გაძლიერება და მათი ონლაინ სივრცეში აქტიურობა. ციფრული ეთიკის სტანდარტები რელიგიური კონტენტისთვის სავალდებულო გახდეს დასაბუთების ვალდებულება. AI-ის გამოყენება მორალურად და ფიქჰურად შეზღუდულ ჩარჩოებში AI-ის გამოყენება მხოლოდ როგორც გადამოწმების, და არა როგორც განაჩენის წყარო. სწავლულთა ზედამხედველობით შექმნილი შარიათური სისტემები, რომლებიც ასწავლიან. პატივცემულო გაზეთ „რწმენის“ მკითხველებო, ფეთვა არ არის ტრენდი — ეს არის შარიათის ამანათი. ფეთვა არის სულიერი პასუხისმგებლობა, რომელიც ღრმა ცოდნას, ზნეობას და თემის სიყვარულს ეფუძნება. არ შეიძლება გამომუშავდეს ალგორითმით, არ შეიძლება დაწეროს ბლოგერმა ან AI-ბოტმა კონტექსტის გარეშე. დღეს მუსლიმებს სჭირდებათ: ინტელექტუალური მედია, ფიქჰურად განათლებული იმამები, ეთიკური სტანდარტი — რათა რწმენა არ გახდეს ბლოგერული ექსპერიმენტების მსხვერპლი და სუნნეთი ტენდენციებით არ დაიჩრდილოს. საქართველოს მუფთის მოადგილე რეზო მიქელაძე